საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური კურსი დადებითად შეაფასა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვაშინგტონის დღევანდელი მიდგომა არსებითად განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელსაც წინა ადმინისტრაცია ატარებდა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა წინა წლების გამოცდილებაზე და განაცხადა, რომ 2020-2024 წლებში აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არასასურველი პროცესები მიმდინარეობდა. მისი შეფასებით, მაშინდელი ადმინისტრაცია ხელს უწყობდა საბოტაჟსა და ბოიკოტს, რაც ორმხრივ ურთიერთობებს აზიანებდა.

„ახლა ხედავთ, რომ ეს მიდგომა არის შეცვლილი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ შევძლებთ გადავხედოთ ჩვენს პარტნიორობას“, - განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს. მან ხაზი გაუსვა კონკრეტული გზამკვლევის აუცილებლობას, რასთან დაკავშირებითაც ქართულმა მხარემ არაერთხელ გააჟღერა შესაბამისი ინიციატივა.

კობახიძის განცხადებით, მიმდინარე ცვლილებები პოლიტიკურ დონეზე პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს. ოფიციალური თბილისი მზად არის, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა იმ პრინციპებით, რომლებიც ორივე სახელმწიფოს ინტერესებს გაითვალისწინებს.