საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის, „შეუზღუდავი შესაძლებლობები“, პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში პარასპორტის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის როლი ამ მიმართულებით.
კობახიძის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაიწყო საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და პარასპორტის მხარდაჭერის სისტემური პროცესი. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივები არა მხოლოდ სპორტულ, არამედ ფართო სოციალურ კონტექსტს მოიცავს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო რეფორმებზე, რომლის შედეგადაც პარალიმპიური მოძრაობა ოლიმპიურს გაუთანაბრდა. ამ ცვლილებების ფარგლებში, პარაათლეტებს, მათ მწვრთნელებსა და სამედიცინო პერსონალს ოლიმპიელების ანაზღაურების შესაბამისი სტიპენდიები და პრემიები დაუწესდათ.
„მოხარულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმაც სათანადოდ შეაფასა. ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა წინ - 2028 წლის ლოს ანჯელესის თამაშები, სადაც, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი მიღწევა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა პარასპორტსმენთა შორის არსებულ ერთობას და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობის წვლილს ამ პროცესში. მისი თქმით, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია ის ერთიანობა, რომელსაც სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის დროშის მაღლა აწევისას ავლენენ.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.