რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა შეაფასა. მისი თქმით, მოქმედი მთავრობა პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს და ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებსაც აცნობიერებს.
ლავროვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ევროკავშირის მიმართ ერთგულებას ადასტურებს, არსებობს რისკები, რომლებიც ქვეყნის აგრარულ სექტორს უკავშირდება. რუსი დიპლომატი ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პირობებში საქართველო შესაძლოა აღარ იყოს ის ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით.
მან ყურადღება გაამახვილა წინა წლების გამოცდილებაზეც. ლავროვის თქმით, ევროკავშირის გაფართოების წინა ტალღების დროს, არაერთმა აგრარულმა ქვეყანამ დაკარგა კონკურენტული პოზიციები, რადგან ბაზარზე უკვე არსებობდნენ ძლიერი მწარმოებლები საკუთარი მხარდაჭერილი სექტორებით.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქვეყნის ამჟამინდელ სავაჭრო სტრუქტურაზეც საუბრობს. მისი მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 70% რუსეთზე, დსთ-ის ქვეყნებსა და ჩინეთზე მოდის. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ამ სტრუქტურას მნიშვნელოვნად შეცვლის.
ბრიუსელის მიერ კანდიდატი ქვეყნებისთვის დაწესებული მოთხოვნები, მათ შორის სანქციებთან მიერთების ვალდებულება და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების შეთანხმება, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენი აღმოჩნდეს ქვეყნის ეკონომიკურ კურსზე, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ამ ეტაპზე რეგულარულ რეჟიმში ნარჩუნდება. მისი თქმით, რუსი ტურისტების ნაკადი კვლავ აქტიურია, რომლებიც „ტკბებიან საქართველოს ბუნებითა და სტუმართმოყვარეობით“.
დასასრულს, რუსმა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსაზრება, რომ საქართველოში პრაგმატული მიდგომა ჭარბობს, რაც, მისი შეფასებით, ორი ქვეყნის ურთიერთობების დინამიკაზეც აისახება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.