პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ბრიუსელში გამართული სამუშაო შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრა პოზიციების გაცვლისა და არგუმენტების წარმოდგენისთვის კარგი შესაძლებლობა იყო.
მახაშვილის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებს შორის არსებობდა შეთანხმება კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ, თუმცა ბრიუსელის მხრიდან ინფორმაცია შეხვედრის დასრულებამდე გაჟონა.
„ბრიუსელის მხრიდან დიდი თხოვნა იყო, რომ მედიაში ინფორმაცია არ ყოფილიყო გატანილი. თუმცა, შეხვედრა ჯერ დასრულებული არ იყო და ბრიუსელმა ინფორმაცია გაჟონა. ეს არის სირცხვილი, როდესაც გთხოვენ ინფორმაციის გასაიდუმლოებას და თავად არღვევენ ამ პირობას“, – განაცხადა მახაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე გააკრიტიკა „რადიო თავისუფლება“ და აღნიშნა, რომ მედიასაშუალება გარკვეული ძალების პროპაგანდის რუპორად იქცა. მისი თქმით, აღნიშნული ძალები ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის საკითხი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის გამოიყენონ.
მომავალი დიალოგი
ლევან მახაშვილის განმარტებით, იმედია, პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ პოლიტიკური დიალოგი უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა იმ თემებზე ისაუბრონ, რაც საქართველოს მოსახლეობას რეალურად აწუხებს.
„ვნახოთ, შემდგომი შეხვედრები აჩვენებს, რამდენად გულწრფელი და კონსტრუქციულია ბრიუსელი ურთიერთობაში, თუ ისევ პოლიტიკური არგუმენტები უნდა ისროლოს“, – დასძინა მახაშვილმა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.