მომღერალი ლიზა ბაგრატიონი „კოტკასტის“ სტუმარი იყო, სადაც კოტე მათითაშვილთან საუბრისას საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპები გაიხსენა. საუბარი შეეხო როგორც მის მუსიკალურ წარსულს, ისე პიროვნულ ცვლილებებსა და ოჯახურ ურთიერთობებს.

მომღერალმა აღნიშნა, რომ მისი მუსიკალური გზა „ნიჭიერთა ათწლედიდან“ დაიწყო, სადაც პიანინოს განხრით სწავლობდა. ლიზა იხსენებს, რომ პერიოდი, როდესაც სერიოზული შედეგების მიღწევა იყო საჭირო, განსაკუთრებულ შრომას მოითხოვდა.

„სულ მეშინოდა, რომ რაღაც არ გამომივიდოდა, თითი არ დამემორჩილებოდა და შემეშლებოდა. ნიჭიერება მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე გყოფნის, მერე კი შრომის გარეშე არაფერი გამოდის,“ – განაცხადა მომღერალმა. ათწლედის დასრულების შემდეგ მან ინგლისური ენის მიმართულებით გააგრძელა სწავლა, 18 წლიდან კი დამოუკიდებლად მუშაობა დაიწყო.

საუბრისას ლიზა ბაგრატიონმა ბავშვობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის საკმაოდ მეამბოხე ხასიათის იყო. მისი თქმით, ის და მისი და, თაუ ბაგრატიონი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ. თუ თაუ ყოველთვის მოწესრიგებული და „ხუთოსანი“ იყო, ლიზა ხშირად ხვდებოდა იმ მოსწავლეთა სიაში, რომლებიც დირექტორთან იბარებდნენ.

„მე შემიძლია სრულიად უანგარო სიყვარული და სწორედ ამის წყალობით მაქვს ცხოვრებისეული კომფორტი. შეიძლება მწყინდეს ან ვტიროდე კიდეც, მაგრამ მაქვს უდიდესი შინაგანი სიმშვიდე, რადგან მაინც მიყვარდე,“ – ამბობს ბაგრატიონი.

ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ქვეყნის პირველ ლედის, თაუ ბაგრატიონს. ლიზას თქმით, დისთვის პირველი ლედის სტატუსი მოულოდნელი და წარმოუდგენელი ამპლუა აღმოჩნდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ახალი სტატუსისა, თაუ ბაგრატიონი არ შეცვლილა.

„ჩვენი ოჯახი ის კერაა, სადაც ჩახუტება და მოფერება უმნიშვნელოვანესია. ზოგჯერ ისეთ რამეებს წერენ ან აკეთებენ, მიკვირს, საერთოდ როგორ მოიფიქრეს. ჩვენ ამ ყველაფერს სიძლიერით ვუძლებთ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს ახლობლებს არავისთვის არაფერი დაუშავებიათ,“ – დაასკვნა ლიზა ბაგრატიონმა.