ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით უკრაინისადმი უკიდურესად მოწყვლადია. არაბულენოვან მედიასთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ უკრაინელ სამხედროებს ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე 500-მდე ობიექტი აქვთ მონიშნული, მათ შორის, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური ცენტრები.
ლუკაშენკოს თქმით, ეს საკითხი მან ვლადიმირ პუტინთანაც განიხილა. მისი მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ბელარუსის ომში ჩართვა მეტ ზიანს მოიტანდა, ვიდრე სარგებელს. დიქტატორმა ომისგან თავის არიდების სამი ძირითადი მიზეზი დაასახელა:
- სამხედრო მოწყვლადობა: ბელარუსი უკრაინელი სამხედროებისთვის ღია სამიზნეა, ხოლო 1 500-კილომეტრიანი საზღვრის დაცვა რუსეთთან ერთად ამჟამინდელ ვითარებაში შეუძლებელია.
- საზოგადოებრივი განწყობა: ბელარუსი ხალხი ომს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, მსხვერპლს არ მიიღებს.
- ესკალაციის საფრთხე: ლუკაშენკო არ გამორიცხავს, რომ კონფლიქტში NATO-ს ქვეყნების ჩართვამ ომი ბელარუს-რუსეთისა და ალიანსის პირდაპირ დაპირისპირებაში გადაზარდოს.
უკრაინის მხრიდან ბელარუსის 500 სამიზნის შესახებ ინფორმაცია პირველად უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ გააჟღერა. ეს განცხადება ბელარუსის მხრიდან მუქარების საპასუხოდ გაკეთდა. ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ უკრაინას ბელარუსის მხრიდან საფრთხე არ ემუქრება და ამ თემის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციები დასავლეთის ინტერესებშია.
შეგახსენებთ, რომ ომის პირველ დღეებში რუსეთმა ბელარუსის ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმისთვის უკვე გამოიყენა, თუმცა კიევის მიმართულებით წინსვლა კრახით დასრულდა. ცოტა ხნის წინ, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთთან ერთად ბირთვული იარაღის წვრთნები ჩაატარა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.