ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ოპოზიციურ პარტიებს კრიტიკული რჩევით მიმართავს. მისი შეფასებით, მაშინ, როცა ოპოზიციური ფლანგი ვერ თანხმდება ფუნდამენტურ საკითხებზე, მათ მაინც უნდა შეძლონ ერთი მარტივი, უნივერსალური პრინციპის გარშემო გაერთიანება.

მეტრეველის თქმით, ეს პრინციპი უკიდურესად მარტივია: ოპოზიციამ არ უნდა გააკეთოს არაფერი ისეთი, რაც მმართველი გუნდის ინტერესებში შედის და მათ „წისქვილზე დაასხამს წყალს“.

„ეს პრინციპი უნდა იყოს უნივერსალური და ყველა გადაწყვეტილება მასზე უნდა გაასწოროთ. ამ პრინციპით თუ იხელმძღვანელებთ, მერე ბევრ რამეს სხვანაირად შეხედავთ და ბევრი რამე საერთოდ მეორეხარისხოვანი გახდება“, — აცხადებს ჟურნალისტი.

მერაბ მეტრეველი ოპოზიციას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ პროპაგანდისტული მედიის დღის წესრიგს. მისი დაკვირვებით, სახელისუფლებო მედიასაშუალებები დიდ დროს უთმობენ სწორედ ოპოზიციის შიდა დაპირისპირებებს და კინკლაობას.

ჟურნალისტის აზრით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მხოლოდ ამ ერთი პრინციპის გარშემოც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს მათი სტრატეგიული მიზნები და შეწყდეს მუდმივი შიდა პოლიტიკური ხმაური, რომელიც მხოლოდ მმართველ პარტიას აძლევს ხელს.