იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც ახალი იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. სამინისტროს ხელმძღვანელმა ობიექტი მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად დაათვალიერა.
თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტილებით აგებული შენობა დასრულების ეტაპზეა. პროექტი სრულად ადაპტირებულია და მიზნად ისახავს მომსახურების მიღების პროცესის მაქსიმალურ გამარტივებას. მცხეთის იუსტიციის სახლი ადგილობრივებს სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს.
რა სერვისები იქნება ხელმისაწვდომი?
ახალ ფილიალში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურა მოქალაქეების კომფორტისთვის. შენობაში მოეწყობა სპეციალური ქორწინების სივრცე, ასევე იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების სამუშაო კაბინეტები. ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია ერთ მისამართზე, ზედმეტი გადაადგილების გარეშე მოაგვარონ.
სტატისტიკური მონაცემებით, მცხეთის იუსტიციის სახლი წლიურად 70 000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სერვისებზე ხელმისაწვდომობას როგორც მცხეთის, ისე მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლებისთვის.
რეგიონული მნიშვნელობა და ეკონომიკური ეფექტი
მცხეთის ფილიალი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რიგით მეექვსე იქნება. მანამდე იუსტიციის სახლები უკვე გაიხსნა ყაზბეგში, დუშეთში, მუხრანში, ფასანაურსა და თიანეთში. საქართველოს მასშტაბით კი ეს 128-ე იუსტიციის სახლია.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია ადგილობრივი დასაქმება. ფილიალის ამოქმედება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ აქტივობაზე პოზიტიურად აისახება. სამინისტროს მიზანია, სახელმწიფო სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა ქვეყნის ყველა რეგიონში თანაბრად მაღალი იყოს. ამჟამად, გარდა მცხეთისა, ქვეყნის მასშტაბით კიდევ სამი იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.