სომხეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ პოლიტიკური პროცესები მწვავდება. „ძლიერი სომხეთის“ ალიანსის ლიდერმა, ნარეკ კარაპეტიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას სომხეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

კარაპეტიანი გეგმავდა საქართველოში გამგზავრებას, რათა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე არსებული ვითარება გადაეღო. მისი თქმით, რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო, რიგები 15 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. ოპოზიციონერი ამ მოვლენებს რუსეთის მხრიდან არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობად აფასებს.

სომხეთის ხელისუფლებას მოგზაურობის აკრძალვის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ცნობილია, რომ მაისში კარაპეტიანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რაც საარჩევნო რეგისტრაციისას უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამალვის ბრალდებას უკავშირდება.

„ძლიერი სომხეთის“ ალიანსმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცსკ) არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით უკვე მიმართა. კარაპეტიანი აცხადებს, რომ კენჭისყრის პროცესში ფართომასშტაბიანი დარღვევები დაფიქსირდა, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებისა და სამხედროების იძულება, ხმა მიეცათ მმართველი პარტიისთვის.

პარალელურად, „აყვავებული სომხეთის“ პარტია ხელისუფლებას არჩევნებში მონაწილეობის ხელოვნურად დაბრკოლებაში ადანაშაულებს. პარტიის მტკიცებით, ცსკ-მ განზრახ გააუქმა შედეგები იმ უბნებზე, სადაც მათ მაღალი მხარდაჭერა ჰქონდათ, რამაც პარტიას 4%-იანი ბარიერის გადალახვაში შეუშალა ხელი.

პარტიის პრესსპიკერის, ივეტა ტონოიანის თქმით, ხმების გადათვლის შედეგად მათ დამატებითი ხმები მიიღეს, თუმცა უბნების გაუქმებამ საბოლოო შედეგი უარყოფითად შეცვალა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კი „დამოუკიდებელი დამკვირვებლების ალიანსის“ საჩივარს მოჰყვა, რომელმაც უბნებზე არსებულ დარღვევებზე მიუთითა.

პოლიტიკური დაძაბულობა გრძელდება, „აყვავებული სომხეთი“ კი საპროტესტო აქციებსა და სამართლებრივ დავას აანონსებს. პარტიის ლიდერი გაგიკ ცარუკიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ „უკანონო ზომებს“ იყენებს.