საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ევროკავშირმა საკუთარი პრინციპები მას შემდეგ დათმო, რაც საქართველოს მიმართ უსაფუძვლო კრიტიკა დაიწყო.

წილოსანის განცხადება ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ინიციატივას უკავშირდება. ევროკომისარმა საჯაროდ დააანონსა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ, რაც, მმართველი გუნდის წარმომადგენლის შეფასებით, მიუღებელია.

„სეგრეგირებული ევროკავშირი“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი „სეგრეგირებულ“ გაერთიანებად გარდაიქმნება. წილოსანის თქმით, ევროპულ ბლოკში ყალიბდება სისტემა, სადაც წევრთა ნაწილი სარგებლობს სრული პრივილეგიებით, მეორე ნაწილი კი უუფლებო სტატუსში რჩება.

„როგორც ვხედავთ, ახლა ისინი სეგრეგირებულ ევროკავშირს ქმნიან. რაღაც ნაწილი არის უფლებით და კონკრეტული პრივილეგიებით, ხოლო მეორე ნაწილი არის სრულიად უუფლებო, თუმცა აქვთ უამრავი ვალდებულება,“ - აცხადებს ნინო წილოსანი.

მისივე თქმით, ახალი წევრების უფლებების შეზღუდვა ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, რომლებზეც თავად ევროკავშირი აპელირებს.

გაფართოების გაურკვეველი პერსპექტივა

ნინო წილოსანი ხაზს უსვამს, რომ გარდა ვეტოს უფლების შეზღუდვისა, ევროკავშირის გაფართოების ვადები კვლავ ბუნდოვანი რჩება. მისი თქმით, კანდიდატი სახელმწიფოებისთვის გაწევრიანების პროცესი გაჭიანურებულია და პირობები მუდმივად იცვლება.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ახლა ისინი განიხილავენ ევროკავშირში ახალი წევრების მიღებას ისეთი უუფლებო სტატუსით, როგორიც არის ვეტოს უფლება. ფიზიკურად არც არის ცნობილი, როდის გაფართოვდება ევროკავშირი და როდის მიეცემათ კანდიდატ სახელმწიფოებს გაწევრიანების საშუალება,“ - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს კრიტიკა უსამართლოა და ეს პროცესი თავად ევროპული ინსტიტუტების რეპუტაციას აზიანებს.