საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის გაფართოების პროცესში არსებულ ახალ ინიციატივებს მკაცრად აფასებს. პაპუაშვილის განცხადებით, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადება, რომელიც ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შეზღუდვას გულისხმობს, ევროკავშირის შიგნით ერების სეგრეგაციის მცდელობაა.
პაპუაშვილის თქმით, დადგა მომენტი, როცა კანდიდატმა ქვეყნებმა საჯაროდ უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ამ ინიციატივის წინააღმდეგ. მისივე შეფასებით, ეს მიდგომა 21-ე საუკუნისთვის მიუღებელია და საფრთხეს უქმნის თანასწორობის პრინციპს.
„როდესაც ჩვენ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შევიტანეთ, არ გაგვიფორმებია შეთანხმება იმაზე, რომ საქართველოს არ ექნება ხმის უფლება ან მონაწილეობა საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შეზღუდვა გულისხმობს იმას, რომ უსაფრთხოების, საფინანსო და საბიუჯეტო პოლიტიკის საკითხები მათ გარეშე გადაწყდება. პაპუაშვილის განცხადებით, ეს პრაქტიკა ევროკავშირის ხელშეკრულებების ახალი წევრების ჩართულობის გარეშე შეცვლის საფრთხესაც შეიცავს.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული მიდგომა საბჭოთა მოდელს შეადარა, სადაც „დიდი ერები დომინირებენ მცირე ერებზე“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის სამწუხარო განვითარება, რომელიც ახალ წევრებს „მეორეხარისხოვანი ერის“ სტატუსში აქცევს.
პაპუაშვილის შეფასებით, მსგავსი ინიციატივები ეტაპობრივად ხდება და ევროპული საზოგადოების შეგუებას ემსახურება, რაც, მისი თქმით, „ფროიდისეული წამოცდენის“ შთაბეჭდილებას ტოვებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.