თბილისში, პუშკინის პარკში, რუსული ენის დღის აღნიშვნას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ღონისძიება, რომელიც რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღეს ემთხვევა, რუსეთის ინტერესების სექციისა და რამდენიმე პრორუსული ორგანიზაციის ძალისხმევით უკვე მეორედ იმართება.
პარკში შეკრებილებს სამოქალაქო მოძრაობა „ქართული რესპუბლიკის“ წევრები დახვდნენ. აქციის მონაწილეებმა ღიად განაცხადეს, რომ ქვეყანაში, რომელიც რუსული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, მსგავსი ღონისძიებების გამართვა დაუშვებელია.
„ჩემი მიწიდან ვარ გამოდევნილი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ღვთისმსახურებაც კი არ ტარდება, ქართველებს ყოველდღიურად ჩაგრავენ ენის გამო და ამ დროს რუსული ენის დღის აღნიშვნა ნებისმიერი ქართველისთვის შეურაცხყოფაა“, - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა ილია ღლონტმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი თავართქილაძემ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართულ ენას სისტემურად ანადგურებენ. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებულ რაიონებში, მათ შორის გალსა და ახალგორში, ქართულად სწავლა აკრძალულია, თბილისში რუსული ენის ზეიმი მიუღებელია.
აღსანიშნავია, რომ რუსული ენის დღესთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც გაავრცელა. ლავროვის თქმით, რუსეთი „ენობრივი დისკრიმინაციისა და რუსოფობიის“ წინააღმდეგ ბრძოლას საკუთარ პრიორიტეტად მიიჩნევს.
საქართველოში 6 და 7 ივნისს დაგეგმილია „რუსული ენის ელჩების“ პროგრამის ფარგლებში შეხვედრები, რომელშიც რუსული ენის ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები, გარდა თბილისისა, ბუდაპეშტსა და პარიზშიც იმართება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.