თბილისის ცენტრში, პუშკინის სკვერში, რუსული ენის დღის აღნიშვნას დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა. ღონისძიება, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეებიც ესწრებოდნენ, ოკუპანტი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.

ადგილზე იმყოფებოდა რუსეთის საელჩოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც. „ტვ პირველის“ კითხვის საპასუხოდ, მან აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესებს შვეიცარიის საელჩოს დახმარებით იცავს. დიპლომატმა დამატებით კომენტარზე უარი განაცხადა და განაცხადა, რომ ეჩქარება.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სკვერში „ქართული რესპუბლიკის მოძრაობის“ წევრები გამოჩნდნენ. აქტივისტებმა შეკრებილებს აგვისტოს ომის ამსახველი ბანერები გაუშალეს. ილია ღლონტის განცხადებით, საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვა მიუღებელია.

თქვენ ხართ შეცდომაში შეყვანილები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ღონისძიებას გამოიყენებს იმის სათქმელად, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეები იცავენ რუსულ ენას. რუსული ენის აღნიშვნა ქართველისთვის შეურაცხყოფაა, – განაცხადა აქტივისტმა.

პროტესტის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა რიტორიკა შეცვალეს და განაცხადეს, რომ სკვერში პუშკინის დაბადების დღის აღსანიშნავად მივიდნენ. ერთ-ერთმა მონაწილემ სცადა აეხსნა, რომ ღონისძიებას იყენებდა იმის სათქმელად, რომ საქართველოში რუსული ენის დისკრიმინაცია არ მიმდინარეობს, თუმცა იქვე დაამატა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე წელია, რაც რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი ამ ღონისძიებას ესწრება. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებები რუსული რბილი ძალის ნაწილია და მიზნად ისახავს ოკუპაციის ფაქტის გადაფარვას კულტურული ღონისძიებებით.