რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ მორიგი მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ ღამეს ოკუპანტებმა ქვეყნის მიმართულებით 70 რაკეტა და 611 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.
მხოლოდ კიევის მიმართულებით 60-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული. თავდასხმამ სერიოზული ზიანი მიაყენა ისტორიულ ნაგებობებსაც. რუსული დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა კიევ-პეჩერის ლავრაში მდებარე მიძინების ტაძარს, რომლის ისტორიაც მე-11 საუკუნიდან იწყება.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ტაძრის სახურავზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია უკვე მოახერხა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მომხდარს რუსეთის მიერ ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული უწოდა.
თავდასხმების შედეგად კიევში ამ დროისთვის 4 ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რაოდენობა კი 28-ს აღწევს. პარალელურად, მძიმე ვითარებაა ხარკოვშიც, სადაც რუსულმა ძალებმა განმეორებითი დარტყმა მიიტანეს იმ მაშველებზე, რომლებიც წინა თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ.
ხარკოვში დადასტურებულია 5 ადამიანის გარდაცვალება, დაშავებულია 9 მოქალაქე. დნიპროში იერიშის სამიზნე რკინიგზის სადგური, კოლეჯი და რამდენიმე საწარმო გახდა.
ზელენსკის თქმით, თავდასხმები განხორციელდა კიევის, დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და მიკოლაივის ოლქებზე. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ამგვარი ქმედებებით მსოფლიოს ომის გაგრძელების განზრახვას აჩვენებს.
უკრაინის ლიდერმა საერთაშორისო თანამეგობრობას, კერძოდ კი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს, მკაფიო და ქმედითი რეაგირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აუცილებელია აგრესორზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების, განსაკუთრებით ანტიბალისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც სამაშველო სამუშაოებშია ჩართული და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.