15 ივნისს რუსეთის არმიამ უკრაინის დედაქალაქზე მასირებული სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა. ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმას სულ მცირე 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 30-მდე ადამიანი კი დაშავდა. დარტყმების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

ერთ-ერთი სამიზნე კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი აღმოჩნდა, სადაც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ლავრაზე მიზანმიმართული დარტყმა და პასუხისმგებლობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას დააკისრა. მოსკოვის მტკიცებით, ტაძრის კომპლექსი ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „პეტრიოტის“ რაკეტამ დააზიანა.

რუსული მხარე ირწმუნება, რომ ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული „ვადაგასული რაკეტების“ გამოყენებით. უკრაინის ხელისუფლება ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს „დანაშაული ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ“ უწოდა.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა სია იმ ობიექტებისა, რომლებიც მათი განცხადებით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია. სიაში მოხვდა დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაც. რუსეთის მტკიცებით, იქ დრონების საწარმოო საამქრო ფუნქციონირებს. უკრაინული მხარის ცნობით, კინოსტუდიაზე დარტყმის შედეგად განადგურდა კოსტიუმების უნიკალური კოლექცია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ რუსეთის ქმედება „ბარბაროსობად“ შეაფასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პუტინმა ამ დარტყმით თავისი სახელი ისტორიაში ყველაზე სასტიკი ქმედებებით ჩაწერა.