ბრიტანული გამოცემა The Guardian ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ვლადიმირ პუტინის კურსის მიმართ უკმაყოფილება კრიტიკულ ზღვარს აღწევს. კრემლის მცდელობა, საზოგადოებას პრეზიდენტის უსაფრთხოება და კონტროლი დაანახოს, რეალურ პრობლემებს ვერ ფარავს.

ელიტების იმედგაცრუება

მიუხედავად იმისა, რომ მაისის დასაწყისში კრემლმა სატელევიზიო კადრებით სცადა იმ ნარატივის გაბათილება, თითქოს პუტინი ბუნკერში იმალება, შიდა წრეებში განწყობა მკვეთრად შეცვლილია. კრემლის კულუარებში, ბიზნესწრეებსა და დასავლური დაზვერვის მონაცემებით, რუსული ელიტა ღრმა იმედგაცრუებას განიცდის.

„წელს ელიტაში განწყობის მკვეთრი ცვლილება ნამდვილად შეინიშნება. პუტინის მიმართ ღრმა იმედგაცრუებაა, იზრდება განცდა, რომ კატასტროფა ახლოვდება“, - ნათქვამია სტატიაში.

რეპრესიები და იზოლაცია

შინაგანი წინააღმდეგობის ფონზე, რუსეთში რეპრესიები კიდევ უფრო მკაცრდება. მობილური ინტერნეტის პერიოდულმა გათიშვებმა 2026 წლის დასაწყისში კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც დაძაბული ფონი. კრემლთან დაახლოებული ერთ-ერთი წყარო სიტუაციას პირდაპირ აფასებს: „ახლა სადღაც ჩრდილოეთ კორეასთან უფრო ახლოს ვართ“.

რა გეგმები აქვს პუტინს?

მიუხედავად შიდა პრობლემებისა, პუტინის მიზნები უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელია. წყაროების ცნობით, ის ფოკუსირებულია დონბასზე და წლის ბოლომდე მის სრულად დაკავებას გეგმავს. მოსკოვში არსებული მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის ტერიტორიებს დათმობდა, დიდწილად გაქარწყლდა.

არის თუ არა მოსალოდნელი გადატრიალება?

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რეჟიმის გარდაუვალი ჩამოშლის ან სამხედრო გადატრიალების მოლოდინი ამ ეტაპზე ნაადრევია. სერგეი შოიგუსთან დაკავშირებული ჭორების მიუხედავად, ყოფილი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ მას არც ჯარში აქვს სათანადო მხარდაჭერა და არც პუტინის წინააღმდეგ წასვლის რესურსი გააჩნია.

დასავლელი მაღალჩინოსნების თქმით, კრემლი ამჟამად რეალობის აღიარების ფაზაშია, თუმცა პასუხი კითხვაზე - „რა უნდა გაკეთდეს შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად“ - მათ ჯერჯერობით არ გააჩნიათ.