რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უახლოეს გარემოცვაში უკმაყოფილების ტალღა მატულობს. ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი, რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ ელიტაში მკაფიოდ იგრძნობა იმედგაცრუება უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

გამოცემასთან საუბრისას, ერთ-ერთმა გავლენიანმა ბიზნეს-ლიდერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ელიტის განწყობები რადიკალურად შეიცვალა. მისი თქმით, წრეში სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს მოახლოებულ კატასტროფაზე და იმაზე, რომ პუტინის გადაწყვეტილებები სულ უფრო მეტად ჰგავს „თვითდამანგრეველ“ ქმედებებს.

ელიტის იმედგაცრუება

წყაროების თანახმად, რუსეთის მმართველი წრეების წარმომადგენლები აღარ მალავენ, რომ დაკარგეს „მომავლის შეგრძნება“. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ვერსიები ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, ფაქტია, რომ პუტინი თავისი ხანგრძლივი მმართველობის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ფაზაში შედის.

უკმაყოფილების მიზეზი მხოლოდ ფრონტზე არსებული წარუმატებლობები არ არის. მოსკოვში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია ინტერნეტ-რესურსების ტოტალურმა შეზღუდვამ. ცნობილია, რომ პრესმდივანი დმიტრი პესკოვი და ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო უშედეგოდ ცდილობდნენ პრეზიდენტის დარწმუნებას, რომ მკაცრი ინტერნეტ-ცენზურა შეემსუბუქებინათ.

პუტინის პოზიცია და გენერლების დაპირება

მიუხედავად ელიტაში არსებული დაძაბულობისა, ვლადიმირ პუტინი კვლავ ინარჩუნებს მკაცრ კურსს. ის უარს ამბობს საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე და ეყრდნობა გენერლების დაპირებას, რომ რუსულ არმიას მიმდინარე წლის ბოლომდე დონბასის სრულად დაკავება შეუძლია. პრეზიდენტი ამ საკითხებში სპეცსამსახურების პოზიციას უფრო მეტად იზიარებს, ვიდრე საკუთარი ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის რჩევებს.

ინტერნეტის კონტროლს რუსეთში უშიშროების ფედერალური სამსახურის მეორე განყოფილება ახორციელებს. სწორედ ეს დანაყოფია ასოცირებული ოპოზიციონერების, ალექსეი ნავალნისა და ვლადიმირ კარა-მურზას მოწამვლის გახმაურებულ საქმეებთან.

„ადამიანები, რომლებიც პუტინს იცავდნენ, ამას აღარ აკეთებენ და გაქრა მომავლის შეგრძნება“, - აღნიშნავს The Guardian-ის წყარო.

მიუხედავად არსებული კრიზისული განწყობებისა, ექსპერტები და გამოცემის წყაროები თანხმდებიან, რომ პუტინი სიტუაციას კვლავ მტკიცედ აკონტროლებს. მისი მმართველობისთვის უშუალო საფრთხეზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა შიდა წრეებში დაგროვილი იმედგაცრუება კრემლისთვის ახალ გამოწვევად რჩება.