რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელეს. დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მიტანილ დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპზე განხორციელებულმა იერიშმა სერიოზული ზიანი მიაყენა ქალაქის ინფრასტრუქტურას. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ქალაქი კრიტიკული მნიშვნელობის მომსახურების გარეშე დარჩა — შეწყვეტილია გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება.
ამავე ოლქის ზნობ-ნოვგოროდის რაიონში რუსული დრონი პირდაპირ საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რამაც კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მძიმე ვითარებაა დნეპროპეტროვსკის ოლქშიც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, პავლოგრადის, სინელნიკოვისა და ზელენოდოლის რაიონებზე მიტანილმა დარტყმებმა ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 16 პირი დაშავდა.
დაზიანებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი და სამაშველო სამსახურის შენობა. განადგურებულია ორი კერძო სახლი, ფერმერული მეურნეობა და კომერციული ობიექტი — მაღაზია.
უკრაინის საჰაერო ძალების ოფიციალური ცნობით, 11 ივნისის ღამეს რუსეთმა გამოიყენა ორი ბალისტიკური რაკეტა და 221 უპილოტო საფრენი აპარატი. დილის რვა საათის მდგომარეობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 195 დრონის მოგერიება შეძლეს.
მიუხედავად ეფექტიანი საჰაერო თავდაცვისა, 9 ლოკაციაზე დაფიქსირდა რაკეტებისა და დრონების პირდაპირი დარტყმა, რამაც გამოიწვია როგორც ადამიანური მსხვერპლი, ისე ინფრასტრუქტურული ზიანი.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.