„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ახალი კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის დეპუტატ გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს „გზამ“, სახელმწიფო შესყიდვაში საეჭვოდ სწრაფად გაიმარჯვა. ორგანიზაციის მონაცემებით, კომპანიამ 29.2-მილიონიანი ტენდერი „ქართული ოცნების“ დაფინანსებიდან სულ რაღაც ერთ დღეში მოიპოვა.

შემოწირულება და ტენდერი: ქრონოლოგია

კვლევის მიხედვით, დეპუტატმა და კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა მმართველ პარტიას სატენდერო ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე 120 000 ლარი შესწირეს. ბოლო მსხვილი ტრანზაქცია 12 მარტს განხორციელდა, უკვე მეორე დღეს კი, 13 მარტს, შპს „გზამ“ კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში.

„ხელოვნური ფილტრი“ და ოლიგოპოლია

TI-ის შეფასებით, ბათუმის მერიამ სატენდერო პირობებში წინასწარ ჩადო „ხელოვნური ფილტრი“. კონკრეტულად, პრეტენდენტს ობიექტიდან 30 კილომეტრის რადიუსში უნდა ჰქონოდა ასფალტის ქარხანა, ან მასთან მიწოდების ხელშეკრულება. ორგანიზაციის აზრით, ამ მოთხოვნამ ბაზარზე კონკურენცია ფაქტობრივად გაანადგურა.

„ამ ბარიერმა თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა ყველა სხვა მსხვილი კომპანია და მრავალმილიონიანი შესყიდვა პირდაპირ პარტიის შემომწირველებს მოარგო“, — აღნიშნულია კვლევაში.

ორგანიზაციის ცნობით, 2024-2026 წლებში ბათუმში გზების რეაბილიტაციის მსგავსი „გეოგრაფიული ბარიერით“ 5 ტენდერი ჩატარდა, რომელთა ჯამური ღირებულება 70 მილიონ ლარს აღემატება. ამ ტენდერებში მხოლოდ სამი კომპანია მონაწილეობდა, რომლებიც მონაცვლეობით ინაწილებდნენ ბიუჯეტის მილიონებს. მათგან ორი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია.

სისტემური კორუფციის ნიშნები

შპს „გზას“ ჯამურად 1.3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. TI-ის შეფასებით, ტენდერების მოგების 93%-იანი მაჩვენებელი და ხელოვნური ბარიერები სისტემური კორუფციის კლასიკური ნიშნებია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის პროკურატურამ, აღნიშნულ ფაქტებზე დროული და მიუკერძოებელი რეაგირება უნდა მოახდინონ.