საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ოპოზიციური სპექტრის მიმართ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა. მისი თქმით, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად, მის წინააღმდეგაა მიმართული.
სააკაშვილის განცხადებით, გისოსებს მიღმა პოლიტიკური ბრძოლის წარმოება და ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია თავისუფლად გადაადგილება და საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაცია.
„ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიქცა ჩემს ოპოზიციად, ვიდრე ივანიშვილი. ყველა მინუს ერთში ზვიად გამსახურდიას გულისხმობდნენ და ყველამ ვნახეთ, რა შედეგი მოიტანა ამან. ყველამ საკუთარ ეგოზე მაღლა ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენოს, რადგან მოგვიანებით გარჩევები და ხელის ქნევა დაგვიანებული იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე შეაფასა მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკური ვექტორი. მისი შეფასებით, ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაშია და ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების გამწვავების გზაზე დგას. სააკაშვილის აზრით, ტრამპის გულის მოგება ბიზნესპროექტებით ვერ მოხერხდება, რადგან პოლიტიკა ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება.
ევროპულ მიმართულებაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მოქმედ ხელისუფლებასა და დასავლურ ინსტიტუტებს შორის „სრული შეუთავსებლობაა“. მისი თქმით, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე გადატვირთვა შეუძლებელია და ამისთვის დრო ძალიან ცოტაა.
სააკაშვილმა მხარდამჭერებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ოპონენტების მიმართ შეურაცხმყოფელი ეპითეტებისგან. ყოფილი პრეზიდენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ მისი ამჟამინდელი „საბრძოლო ვარცხნილობა“ მზადყოფნას გამოხატავს.
„საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი იყო და ამ სტატუსს დავიბრუნებთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება, ქვეყანა ქაოტურ ბაზარს დაამსგავსონ. „ლუზერობა“ შორს, ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები“, – დაასკვნა სააკაშვილმა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.