შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული პოლიციელი მოინახულა. მინისტრს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძეც ახლდა.
პოლიციის მაიორი მერაბ ქავთარაძე ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მინისტრმა მედიკოსებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
სულხან თამაზაშვილმა მერაბ ქავთარაძეს გამოჯანმრთელება უსურვა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.
რა მოხდა ჩუღურეთში?
ინციდენტი პატრულირების დროს მოხდა. პოლიციის მაიორებმა მერაბ ქავთარაძემ და გიორგი ძაძამიამ შენიშნეს მამაკაცი, რომელიც დანით შეიარაღებული ფიზიკურად უსწორდებოდა სხვა პირს. აგრესიული პირი დანით დასდევდა მსხვერპლს.
სამართალდამცველებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება და თავდამსხმელს კანონიერი მოთხოვნა წაუყენეს, შეეწყვიტა მოქმედება. თუმცა, დამნაშავემ პოლიციელების მოთხოვნა უგულებელყო და დანით მათზეც მიიტანა იერიში.
დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, პოლიციელებმა თავდამსხმელის განეიტრალება და დაკავება შეძლეს. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, პოლიციის მაიორი მერაბ ქავთარაძე დაშავდა, რის გამოც იგი კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაკავებული პირი პასუხს კანონის წინაშე აგებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.