საქართველო და ჩინეთი ჩინური ენის სწავლების სფეროში პარტნიორობას აძლიერებენ. შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიკანაძემ და პეკინის ენობრივი განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორმა იუ იუნფენმა. შეთანხმების გაფორმება ჩინეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.
ახალი დოკუმენტი მიზნად ისახავს ქართველი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას. ჩინური მხარე უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, სასწავლო რესურსების გაზიარებასა და გამოცდილების გაცვლას. გარდა ამისა, დაგეგმილია ერთობლივი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვა, რისთვისაც უახლოეს მომავალში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
ვიზიტის ფარგლებში, გივი მიკანაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ ლევან გვირსიშვილმა პეკინში ადგილობრივი სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მხარეებმა განიხილეს ინოვაციური მეთოდები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჩინური ენის სწავლების პროცესში.
რატომ ხდება ჩინური ენის პოპულარიზაცია?
საქართველოს განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებში ჩინური ენის, როგორც მეორე უცხო ენის დანერგვის გეგმა ჯერ კიდევ 2025 წლის გაზაფხულზე გააჟღერა. უწყების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსწავლეების მხრიდან მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.
დღეისთვის საქართველოში სახელმწიფო სკოლებში ორი უცხო ენის სწავლა სავალდებულოა. პირველი კლასიდან სავალდებულოა ინგლისური ენა, ხოლო მეხუთე კლასიდან მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევანი გააკეთონ მეორე უცხო ენაზე. როგორც წესი, სკოლები სთავაზობენ რუსულს, გერმანულს, ფრანგულს ან იტალიურს, რაც დამოკიდებულია კონკრეტული სკოლის რესურსებსა და პედაგოგების ხელმისაწვდომობაზე.
ამ დროისთვის ჩინური ენის სწავლება საქართველოს მასშტაბით არაუმეტეს 15 საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. ახალი თანამშრომლობა მიზნად ისახავს სწორედ ამ დეფიციტის შევსებას და მასწავლებლებისთვის დამატებითი ფინანსური სტიმულების შექმნას, რათა ჩინური ენის სწავლება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.