საქართველოს ენერგეტიკულ სტატისტიკაში უცნაური დისბალანსი გამოიკვეთა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ქვეყანამ ექსპორტზე მეტი ნავთობპროდუქტი გაიტანა, ვიდრე ნედლეულის სახით შემოიტანა. ეს ფაქტი ეკონომიკური თვალსაზრისით კითხვებს ბადებს, რადგან გადამუშავებული პროდუქტი ვერ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე თავად ნედლეული.
„აი, ფაქტის“ მიერ დამუშავებული საქსტატის მონაცემების თანახმად, 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის აპრილამდე საქართველოში 525 160 ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა. ამ მოცულობის 99% რუსული წარმოშობისაა. პარალელურად, იმავე პერიოდში ექსპორტზე 604 932 ტონა გადამუშავებული ნავთობპროდუქტი გავიდა.
გამოდის, რომ საქართველომ 79 772 ტონით მეტი პროდუქტი გაიტანა საზღვარგარეთ, ვიდრე შემოიტანა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ადგილობრივი ნავთობმოპოვება წლიურად საშუალოდ 40 000 ტონას შეადგენს, ეს რაოდენობა ნედლეულის ბალანსს ვერ ხსნის.
სურათი საინტერესოა რეექსპორტის კუთხითაც. 2022 წლის შემდეგ ექსპორტის ზრდა ძირითადად რეექსპორტით აიხსნებოდა, თუმცა 2025 წლის ნოემბრიდან ტენდენცია მკვეთრად შეიცვალა. თუ 2025 წლის ოქტომბერში რეექსპორტმა 19 097 ტონა შეადგინა, ნოემბერში ეს მაჩვენებელი 7 367 ტონამდე დაეცა, ხოლო შემდგომ თვეებში საშუალოდ 2 500 ტონამდე შემცირდა.
სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ რეექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში, რომელიც ნოემბრამდე 66%-ს შეადგენდა, 4%-მდე დაეცა. ამის საპირისპიროდ, ოფიციალური მონაცემებით, მკვეთრად გაიზარდა „ადგილობრივად წარმოებული“ ნავთობპროდუქტების ექსპორტი. სწორედ ეს ცვლილება ხდება ახალი კვლევის მთავარი საგანი.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.