საქართველოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან არსებული სავალდებულო ავტოსადგომები „ქართული ოცნების“ გავლენიანი პირებისა და პარტიის მსხვილი დონორების შემოსავლის წყაროა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი კვლევის მიხედვით, მძღოლები, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ, იძულებულნი არიან, სადგომით სარგებლობისთვის 80 ლარი გადაიხადონ.
ეს სისტემა უკვე 12 წელია ფუნქციონირებს. ქვეყნის მასშტაბით რვა ასეთი სადგომია, სადაც ტრაილერების გაჩერება სავალდებულოა – წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლებს საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ.
კვლევის ავტორები დეტალურად განიხილავენ კონკრეტულ სადგომებსა და მათ მფლობელებს:
- სარფის ავტოსადგომი: მას ფლობს შპს „ფიგოლი“, რომლის ერთ-ერთი მეწილე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ჭყონიაა. ორგანიზაციის მონაცემებით, ჭყონიასთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას“ 797 ათასი ლარი შესწირეს.
- წითელი ხიდის ავტოსადგომი: წლების განმავლობაში ეს ობიექტი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახის საკუთრებაში იყო. მკვლევრები ეჭვობენ, რომ ჯაფარიძის მეუღლის მიერ წილის გასხვისება შესაძლოა მხოლოდ ფორმალური ხასიათის ყოფილიყო.
- დმანისისა და სადახლოს TIR-პარკები: მათ ძმები აბრამიშვილები აკონტროლებენ, რომლებმაც პარტიას 700 ათას ლარზე მეტი შესწირეს.
აღსანიშნავია რომან აბრამიშვილის ფიგურა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ვაკეში მდებარე ბინის გარიგებით. მან კახა კალაძისგან შეძენილი ბინა მნიშვნელოვნად დაბალ ფასად მიჰყიდა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს.
კვლევის თანახმად, ძმები აბრამიშვილები ივანიშვილის პარტიის აქტიური მხარდამჭერები არიან. მათ კომპანიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემოსავალი არა მხოლოდ პარკინგების, არამედ ტენდერებისა და სხვადასხვა სუბსიდიების მეშვეობითაც მიეწოდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.