საქართველოს ტურისტულ სექტორში პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება. როგორც HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი, გიორგი დოლიძე აცხადებს, სასტუმროების დიდი ნაწილი ზრდას აჩვენებს, რაც პირდაპირ უკავშირდება ტურისტების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ობიექტი 80-100%-იანი დატვირთვით არ მუშაობს, ბაზარზე არსებული ზოგადი სურათი პოზიტიურია. განსაკუთრებით აქტიურია თბილისი და ბათუმი, სადაც სასტუმროები ხშირად სრულად დაჯავშნილია.

გიორგი დოლიძის განმარტებით, ფასების ზრდა, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება, ლოგიკური შედეგია გაზრდილი მოთხოვნისა. ეს პროცესი სასარგებლოა როგორც ბიზნესისთვის, ისე დასაქმებულთათვის, რადგან ინდუსტრიაში ხელფასები წლიდან წლამდე იზრდება.

„საქართველო უკვე ცნობადი ტურისტული მიმართულებაა. მოგზაურების დარწმუნება იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა საინტერესოა, აღარ მოითხოვს იმხელა ძალისხმევას, რასაც წარსულში საჭიროებდა“, – აცხადებს დოლიძე.

ბაზარზე არსებობს გამონაკლისებიც. ზოგიერთი ობიექტი დღევანდელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რისი მიზეზიც ხშირად კონკურენცია, რემონტის საჭიროება ან რებრენდინგის აუცილებლობაა.

კვლევითი ცენტრის, PMS-ის მონაცემებით, სასტუმროების ფასების ინდექსი მზარდია. მაისში წინა თვესთან შედარებით ფასები თითქმის 12%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ზრდამ 9% შეადგინა.