ქართული საინვესტიციო ბაზრის ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, „გალტ & თაგარტმა“, საკუთარ მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველად საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ეს ტრანზაქცია უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოვლენად შეფასდა.

ფონდის აქციები ერთდროულად ლონდონისა და ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე დაილისტა. საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან დაფიქსირებულმა მაღალმა ინტერესმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა — მოთხოვნამ 2.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო საბოლოო ტრანზაქციის მოცულობამ 603.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„გალტ & თაგარტის“ გენერალური დირექტორის, გიორგი კუპრაშვილის განცხადებით, ეს ნაბიჯი არა მხოლოდ უზბეკეთისთვის, არამედ მთლიანი რეგიონისთვის კაპიტალის ბაზრების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. მისივე თქმით, კომპანია მომავალშიც გააგრძელებს კლიენტებისთვის საერთაშორისო მასშტაბის საინვესტიციო შესაძლებლობების შეთავაზებას.

რა არის UzNIF?

UzNIF წარმოადგენს სპეციალიზებულ საინვესტიციო ფონდს, რომელიც მართავს წილებს უზბეკეთის 13 სტრატეგიულ ორგანიზაციაში. 2025 წლიდან ფონდის მართვისა და სამეურვეო ფუნქციებს საერთაშორისო გიგანტი Franklin Templeton ახორციელებს. ეს პარტნიორობა ფონდს აძლევს საშუალებას, ეფექტიანად გამოიყენოს გლობალური პრაქტიკა და გამოცდილება კაპიტალის ბაზრების მართვის პროცესში.