საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განვითარებულმა მოვლენებმა სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ხდება ბავშვი შეუძლოდ და როგორ ეცემა იატაკზე სიმღერის შესრულების პროცესში, თუმცა გადამღები ჯგუფი პროცესს არ წყვეტს.

მომხდარს ნოდარიკო ხუციშვილი გამოეხმაურა. მან გაკვირვება და აღშფოთება ვერ დამალა იმ ფაქტის გამო, რომ ბავშვის დაცემის შემდეგ არავინ იმოქმედა.

„ბავშვი რატომ არ ააყენეს? ეგეთი რამე არ მინახავს. ანუ გადაღება მიდიოდა და არ გააჩერეს? რა საშინელებაა, სიტყვასაც ვერ ვპოულობ, რა ჰქვია მაგას“, - წერს ხუციშვილი.

ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ბავშვის ბებიამ, ნანა კუხალაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, არასრულწლოვანი პირდაპირ ეთერში დაეცა, თუმცა მას რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღება არავინ მიაქცია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბავშვი, სახელად ანკა, თავს ნორმალურად გრძნობს. ბებიის განმარტებით, დაცემისას მან მხოლოდ თითები იტკინა.

საზოგადოების ნაწილი მაუწყებლის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და სვამს კითხვას, რატომ არ შეჩერდა ტელეეთერი ან რატომ არ მივიდა ბავშვთან არცერთი თანამშრომელი დახმარების აღმოსაჩენად.