საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელის მიდგომები, განსაკუთრებით სავიზო რეჟიმთან მიმართებით, საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.
პაპუაშვილის განცხადებით, დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება ევროკავშირის მხრიდან შეთანხმებების უგულებელყოფაა. მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოსთვის დამატებითი, პოლიტიკური ხასიათის კრიტერიუმების დაწესებას ცდილობს, რაც მანამდე არსებულ პრაქტიკაში არ ყოფილა.
„ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოს მიმართ, რაც თავისთავად უდიდესი სირცხვილია. ვხედავთ, რომ სირცხვილის გრძნობა მაინცდამაინც აღარ არსებობს ბრიუსელში“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი სავიზო პოლიტიკას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა მოთხოვნას რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რასაც პაპუაშვილმა საკუთარი ქვეყნის დანგრევისკენ მოწოდება უწოდა.
„ახლა ფანტაზიას აღარ აქვს საზღვარი, გვეუბნებიან, რუსეთს დაუწესეთ სანქციებიო. ანუ, გვეუბნებიან, თავი მოიკალით, თუ უვიზო მიმოსვლა გინდათო“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის შეფასებით, სწორედ ასეთი „უმწიფარი პოლიტიკის“ გამოა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს საერთაშორისო ასპარეზზე სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. მან მაგალითად რუბიოსა და კაია კალასის ურთიერთობა მოიყვანა.
„ამიტომ არის, რომ რუბიო კაია კალასს არც კი ხვდება. ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს, ყურადღებასაც არ აქცევენ, შეხვედრის ღირსადაც არ თვლიან ევროკავშირის უმაღლეს საგარეო წარმომადგენელს“, — დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.