საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მიერ დაწესებულ სავიზო რეგულაციებს მწვავედ აკრიტიკებს. მისი თქმით, ბრიუსელის პოლიტიკა მიზნად ისახავს საქართველოსთვის პოლიტიკური კრიტერიუმების თავს მოხვევას, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.
„გვეუბნებიან, თავი მოიკალით, თუ უვიზო მიმოსვლა გინდათო. თავი თუ დავიხოცეთ და დავინგრიეთ, ვინღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემოღება დიპლომატიური პასპორტებისთვის საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაა. პაპუაშვილის მტკიცებით, ბრიუსელმა სპეციალურად საქართველოსთვის შექმნა დამატებითი პოლიტიკური კრიტერიუმები, რაც აქამდე არსებულ პრაქტიკაში არ გვხვდებოდა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირის მოთხოვნა რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, სინამდვილეში, ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის რღვევას ემსახურება. მისი თქმით, სავიზო პოლიტიკის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია.
ტექნიკური შეხვედრა ბრიუსელში
11 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ საუბრისას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს დიალოგი მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს. მისი თქმით, პოლიტიკური პრეტენზიები პოლიტიკურ დონეზე უნდა განიხილებოდეს და არა ტექნიკურ ფორმატში.
„პოლიტიკურ კითხვებზე პოლიტიკური პასუხები გვაქვს. საჯაროდ თქვან და ქართველ ხალხს უთხრან, სინამდვილეში რასაც ითხოვენ. ითხოვენ, რომ სანქციები დავუწესოთ რუსებს, ევროკავშირს კი კვლავაც ჰქონდეს შესაძლებლობა, ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი არცერთი ტიპის შეღავათზე ან „მარწყვზე“ არ გაიცვლება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ქვეყნის ინტერესების დათმობას ევროკავშირის ამგვარი ზეწოლის ფონზე.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.