საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მწვავედ გააკრიტიკა. პაპუაშვილის თქმით, ფიშერი ქართული საზოგადოების მეხსიერებაში დარჩება ელჩად, რომელიც „ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ელჩმა მხარი დაუჭირა იმ პირებს, რომლებიც ქალ დეპუტატს მის არასრულწლოვან შვილთან ერთად თავს დაესხნენ. პაპუაშვილის შეფასებით, ეს ქმედება ქართულ-გერმანული ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო ფურცელია.

„30-წლიანი მეგობრობა სამ წელიწადში ჩამოანგრია“

პაპუაშვილის თქმით, ფიშერის მოღვაწეობამ საქართველოში გერმანიის წარმომადგენელი „ძალადობის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ხელშემწყობად“ წარმოაჩინა. მან ხაზი გაუსვა, რომ ელჩის ტონი ქართველი საზოგადოების მიმართ „იქედნური“ და „ცხვირაწეულია“.

პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფიშერის განცხადებებზე „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით. პაპუაშვილის თქმით, ელჩი დაცინის არა მხოლოდ ქართველებს, არამედ ამერიკელებსა და ბრიტანელ პოლიტიკოსებსაც.

„ის დასცინის ამერიკელებს, როდესაც ამბობს, რომ „დიფ სთეითი“ გამოგონილია, დასცინის აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს და ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასს. გამოდის, რომ ამ ქვეყანაზე ერთი ის არის, ვისაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ზიანი ელჩობის ინსტიტუტს

პაპუაშვილის შეფასებით, პეტერ ფიშერმა ზიანი მიაყენა არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ ზოგადად, ელჩობის ინსტიტუტს. მისი თქმით, ელჩი ქართველების თვალში „მთავარმართლის“ სინონიმად იქცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფიშერის დამოკიდებულებამ გააჩინა რისკი, რომ უცხო ქვეყნის ელჩი აღქმული იყოს როგორც პირი, რომელიც „სტუმარია, რომელიც სახლში გივარდება და ძალადობას აქეზებს“.

დასასრულს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ფიშერის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა საქართველოში დიდხანს იქნება „ჩაბეჭდილი“. მისი თქმით, სხვა ელჩებმაც უნდა დაფიქრდნენ იმ ზიანზე, რომელიც ამ ინსტიტუტმა მიიღო.