ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებულმა ორწუთიანმა ანონსმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სერიოზული კრიზისი გამოიწვია. კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციელები დაკავებულ ახალგაზრდებს.
გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ პოლიციელები დაკავებულებს ჩვენებების მისაღებად ფიზიკურად უსწორდებოდნენ, პროცესს კი მობილური ტელეფონებით იღებდნენ. ვიდეოში ისმის დაკავებულის ყვირილი: „მე არაფერი ვიცი!“, რასაც პოლიციელის მხრიდან თავში დარტყმა და თმით თრევა მოჰყვება.
ჟურნალისტ ნოდარ მელაძის განცხადებით, ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა. მისი მტკიცებით, არსებობდა სისტემური პრაქტიკა, სადაც ოპერატიული თანამშრომლები წამების კადრებს საერთო სამუშაო ჩატში ანგარიშის სახით აგზავნიდნენ. ცნობილი ხდება, რომ პირი, რომელმაც აღნიშნული ჩატი გატეხა, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
სკანდალურ ანონსში ასევე მოყვანილია დაზარალებულის დედის კომენტარი. ქალი ირწმუნება, რომ მისი შვილის კომპიუტერში შემორჩენილია უფრო მძიმე კადრები, სადაც დაკავებულებს აშიშვლებდნენ და სხეულზე სიგარეტს აქრობდნენ.
ინფორმაციის გავრცელებას თბილისში მყისიერი რეაქცია მოჰყვა. გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, გულუას ქუჩაზე, ათეულობით მოქალაქე შეიკრიბა საპროტესტოდ.
მომხდარზე რეაგირება უწყებებმა ანონსის გასვლიდან დაახლოებით ერთნახევარ საათში მოახდინეს. შსს-მ და გენერალურმა პროკურატურამ კადრების ავთენტურობა დაადასტურეს, თუმცა აქცენტები სხვა მიმართულებით გადაიტანეს.
ოფიციალური ვერსიით, ინციდენტი 2022 წლის ზაფხულში, ქობულეთში მოხდა. უწყებების მტკიცებით, კადრებში ფიგურირებენ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის მივლინებული თანამშრომლები. შსს-ს გენინსპექციამ აღნიშნული ფაქტი 2026 წლის თებერვალში გამოავლინა, რის შემდეგაც სამივე პოლიციელი დააკავეს.
სამართალდამცავმა უწყებებმა ჟურნალისტები ინფორმაციის ნაწილობრივ დამალვაში დაადანაშაულეს, რადგან სიუჟეტში არ იყო ნახსენები, რომ ბრალდებულები უკვე დაკავებულები არიან. თუმცა, უწყებებს არ განუმარტავთ, რატომ დასჭირდა სახელმწიფოს თითქმის ოთხი წელი შიდა სისტემური ძალადობის გამოსავლენად და რა მუხლებით მიმდინარეობს საქმის წარმოება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.