საქართველო და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების განახლებულ დღის წესრიგზე აქტიურად მუშაობენ. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა, მიმდინარე პროცესები ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებასა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.

მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში თბილისმა და ვაშინგტონმა გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა ორმხრივი კავშირები პოზიტიური დინამიკით განვითარდეს და თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს.

ჩვენ ვმუშაობთ აშშ-თან იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს განახლებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შინაარსი და როგორ უნდა განვითარდეს ეს კავშირები. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ უფრო საგნობრივად განვიხილოთ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს განხორციელებული ორმხრივი ვიზიტები სწორედ ამ დიალოგის გაღრმავებას ემსახურებოდა. მან ყურადღება გაამახვილა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე გაჟღერებულ სიგნალებზე.

ღონისძიებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ ესწრებოდა. ლანდაუს თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაინტერესებულია რიგ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გადახედვით და ხედავს საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს.

ის ძლიერი სიგნალები, რომლებიც მოვისმინეთ, იმედს გვაძლევს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე. გვჯერა, რომ ორმხრივი კავშირები იმ დონეზე ავა, რასაც ორივე ქვეყანა იმსახურებს, – აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მუდამ მზად იყო აშშ-თან სრულფასოვანი პარტნიორობისთვის. მისი განმარტებით, თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას, რისი მზაობაც ამერიკული მხარის განწყობებშიც შეინიშნება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატა, რომ სწორედ ურთიერთპატივისცემის პრინციპი უნდა იქცეს თბილისსა და ვაშინგტონს შორის მომავალი თანამშრომლობის მყარ საფუძვლად.