თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ქურდობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე სავაჭრო ობიექტში უკანონოდ შეაღწიეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა მაღაზიებიდან ჯამში 2 000 ლარამდე თანხა მიითვისეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ორივე პირი მალევე დაადგინეს და დააკავეს.

გარკვეულია, რომ დაკავებულთაგან ერთი არასრულწლოვანია, რომელიც წარსულში ნასამართლევი იყო და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.