„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პარტიაში შესაძლო საკადრო ცვლილებებსა და საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს. ბოკუჩავას თავმჯდომარეობის ორწლიანი ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს იწურება, თუმცა გადაწყვეტილება იმის შესახებ, გააგრძელებს თუ არა ის პარტიის ხელმძღვანელობას, ჯერ მიღებული არ არის.
ბოკუჩავას თქმით, მისი გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პარტია შიდა პროცესების სწორად წარმართვას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი რეფორმა, მათ შორის პოლიტიკური საბჭოს ცვლილება, უნდა მოხდეს კონსულტაციების გზით, მათ შორის საბჭოს მდივან ლევან ხაბეიშვილთან.
„ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია პოლიტიკურადაც და ეთიკურადაც, რომ ისე მოვახდინოთ პოლიტიკური საბჭოს რეფორმირება, რომ ამის შესახებ აზრი არ ვკითხოთ ლევან ხაბეიშვილს“, — განაცხადა ბოკუჩავამ „TV პირველის“ ეთერში.
ინტერვიუს დროს საუბარი შეეხო გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობას ნანუკა ჟორჟოლიანს სთავაზობდა. ბოკუჩავამ ეს ცნობები კატეგორიულად უარყო და მათ „პოლიტიკური ჭორაობა“ უწოდა.
„პრეზიდენტ სააკაშვილს ეს არსად დაუწერია. მე არასდროს ვერთვები ასეთ დისკუსიებში და მხოლოდ ოფიციალური პოსტებით ვხელმძღვანელობ. პოლიტიკური ჭორაობა ჩემი ინტერესის სფერო არასდროს ყოფილა“, — აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.
მან ასევე დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მუდმივად აწარმოებს კონსულტაციებს პარტიაში აუცილებელი ცვლილებების შესახებ, თუმცა ეს პროცესი არ გულისხმობს დაუდასტურებელი ინფორმაციების საფუძველზე მსჯელობას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.