საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიული ხაზი გააჟღერა. მისი თქმით, ვაშინგტონი ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აქტიურ კონსულტაციებს იწყებს, რაც ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასა და მის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტულ დაჯგუფებებს შეეხება.

ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ირანის ქმედებები რეგიონულ სტაბილურობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. პრეზიდენტმა მაგალითად ლიბანში მოქმედი დაჯგუფება „ჰეზბოლა“ დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ჯგუფის წინააღმდეგ ზომების მიღება აუცილებელია. მან ასევე დაადასტურა, რომ ლიბანის ლიდერი ვაშინგტონს უახლოეს კვირებში ეწვევა, სადაც მხარეები უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

საერთაშორისო დიპლომატიის ჭრილში მნიშვნელოვანია ტრამპის შეფასება ჩინეთისა და რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სი ძინპინსა და ვლადიმირ პუტინს ირანთან დაძაბულობის ფონზე შენარჩუნებული „ნეიტრალიტეტისთვის“. მისი თქმით, ამ ლიდერების პოზიციამ ვითარება უფრო მართვადი გახადა.

ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაზე საუბრისას ტრამპმა მკაცრი პოზიცია დაიკავა. მისი განცხადებით, ირანს აქვს წვდომა 300 მილიარდი დოლარის ფონდზე, თუმცა ეს თანხები მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ თეირანი საერთაშორისო ნორმებს დაიცავს და „კარგად მოიქცევა“.

„შეერთებულმა შტატებმა ირანს ფულის დიდი ნაწილი უკვე წაართვა“, — განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ გარკვეულ ეტაპზე ამ თანხების საკითხი კვლავ დადგება. მან ასევე გააფრთხილა ის ქვეყნები, რომლებიც აშშ დოლარში ინვესტირებას არ განახორციელებენ, რომ მათ ფინანსური რისკები ემუქრებათ.