აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესში იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, თეოფილე III-ის ჩართვის იდეას განიხილავს. ინფორმაციას ისრაელური გამოცემა Ynet-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა თეთრ სახლში 4 ივნისს გაიმართა და 40 წუთს გაგრძელდა. მხარეებმა განიხილეს მოსკოვსა და კიევს შორის კომუნიკაციის დამატებითი არხის შექმნის პერსპექტივა. წყაროების თანახმად, ტრამპი დადებითად აფასებს პატრიარქის შუამავლის როლში მონაწილეობას.
თეოფილე III-ის მთავარი უპირატესობა მისი „აპოლიტიკური“ სტატუსია. იერუსალიმის საპატრიარქო ხაზს უსვამს, რომ პატრიარქი უნდა განიხილებოდეს როგორც მშვიდობისთვის მომუშავე ფიგურა და არა პოლიტიკური მოთამაშე. მიუხედავად ამისა, აღნიშნული შუამავლობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ არც აშშ-ის, არც რუსეთის და არც უკრაინის ოფიციალურ უწყებებს.
პატრიარქის კანდიდატურა რუსეთთან არსებული ისტორიული კავშირებითაც გამოირჩევა. თეოფილე III 2005 წლიდან ხელმძღვანელობს იერუსალიმის ეკლესიას და არაერთხელ შეხვედრია ვლადიმირ პუტინს, მათ შორის 2013 წელს სოჭსა და 2019 წელს კრემლში. 2025 წლის ნოემბერში პუტინმა პატრიარქი „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა.
პატრიარქმა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონტაქტი შეინარჩუნა. 2024 წელს მან საჯაროდ გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეეზღუდათ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა.
Ynet-ის ინფორმაციით, ივნისის ბოლოს თეოფილე III-ისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრა იგეგმება, რაც, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების არხის გახსნის მცდელობა იქნება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.