უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მასშტაბური ოპერაცია განახორციელეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 14 ივნისის ღამეს დარტყმის სამიზნე იაროსლავის ოლქში მდებარე ნავთობინფრასტრუქტურა გახდა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 700 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული.
პრეზიდენტის თქმით, ოპერაციის ფარგლებში იერიში მიიტანეს ტულის ოლქში განთავსებულ „აზოტის“ საწარმოზეც. აღნიშნული ობიექტი, არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებასთანაა დაკავშირებული. თავდასხმები ასევე განხორციელდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ ლოჯისტიკურ ცენტრებზე.
„უკრაინა ასრულებს შორი მოქმედების სანქციების გეგმას. ეს არის პასუხი რუსეთის მიერ ომის გაგრძელებასა და ესკალაციაზე. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მოლაპარაკების ფორმატები, თუმცა პასუხი კვლავ აგრესია იყო. ლოგიკურია, რომ ომი ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო“, — განაცხადა ზელენსკიმ.
სამხედრო აქტივობის ფონზე რუსეთის 28 რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. პარალელურად, დროებით შეიზღუდა ავიამიმოსვლა ექვს აეროპორტში. კიევი აცხადებს, რომ მსგავსი დარტყმები რუსეთის ომის წარმოების უნარს ასუსტებს და მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას უსვამს ხაზს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.