უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული მასშტაბური დრონებით შეტევა. 12 ივნისს განხორციელებული ოპერაციის სამიზნე თათრეთის რესპუბლიკასა და სამარის ოლქში მდებარე სტრატეგიული ობიექტები გახდა.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ნიჟნეკამსკში ორი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, „ტანეკო“ და „ტაიფ-ნკ“ დააზიანეს. დარტყმების შედეგად საწარმოების ტერიტორიაზე ხანძრები გაჩნდა.

სამხედრო სტრუქტურების ინფორმაციით, ოპერაცია რუსეთში მოქმედ წინააღმდეგობის მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ კოორდინირებულად დაიგეგმა. უკრაინული მხარის განცხადებით, ამ თანამშრომლობას წინ უძღოდა ქარხნების კრიტიკული ინფრასტრუქტურის დეტალური შესწავლა.

შეტევის შედეგად „ტანეკოს“ ნავთობის პირველადი გადამუშავების ძირითადი დანადგარი დაზიანდა, რაც საწარმოს მუშაობაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

პარალელურად, დარტყმა განხორციელდა სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატიში მდებარე ქიმიურ კომბინატ „ტოლიატიკაუჩუკზე“. ცნობილია, რომ აღნიშნული ქარხნის პროდუქცია სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება.

რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რუსტამ მინიხანოვმა დაადასტურა „მტრის უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა“. მისი თქმით, დაზიანდა საწარმოები, ხოლო ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ნიჟნეკამსკის მერმა რადმირ ბელიაევმა, უსაფრთხოების მიზნით, ქალაქში დაგეგმილი ყველა მასობრივი ღონისძიება გააუქმა. აღსანიშნავია, რომ შეტევა რუსეთში სახელმწიფო დღესასწაულის, „რუსეთის დღის“ აღნიშვნას დაემთხვა.