უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარე სტრატეგიული ობიექტი დააზიანეს. საუბარია ნავთობის გადასატვირთი კომპლექს „შესხარისის“ შემადგენლობაში შემავალ „გრუშოვაიას“ ნავთობბაზაზე, სადაც უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა ინფორმაცია 8 ივნისს, დილის საათებში დაადასტურა. ოფიციალური უწყების ცნობით, ინციდენტის მიზეზი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა გახდა.
დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლი სწორედ იმ სამრეწველო მოედანს მოედო, სადაც ნავთობის რეზერვუარებია განთავსებული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დარტყმა ოფიციალურად დაადასტურა. უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხანძრის შედეგების დაზუსტება და მიყენებული ზიანის შეფასება.
რატომ არის „გრუშოვაია“ სტრატეგიული ობიექტი?
„გრუშოვაია“ ნავთობის გადასატვირთი კომპლექს „შესხარისის“ უმსხვილესი რეზერვუარების პარკია. ობიექტი დაახლოებით 213 ჰექტარზეა გადაჭიმული და ათეულობით რეზერვუარს მოიცავს.
- ჯამური ტევადობა: 1,2 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტი.
- ინფრასტრუქტურა: ბაზა მილსადენებითა და გვირაბებით პირდაპირ უკავშირდება საზღვაო ტერმინალ „შესხარისს“.
- მნიშვნელობა: „შესხარისი“ სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტის“ მაგისტრალური მილსადენების ქსელის საბოლოო პუნქტია.
უკრაინის მხარემ აღნიშნულ ობიექტზე იერიში მიმდინარე წლის გაზაფხულზეც განახორციელა. ეს თავდასხმა კვლავ ადასტურებს უკრაინის სტრატეგიას, მიზანში ამოიღოს რუსეთის საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის კრიტიკული ინფრასტრუქტურა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.