რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან ორმხრივი კავშირები გააღრმავოს. ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების თანახმად, რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს, თბილისთან თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დააფუძნოს.

ზახაროვას მტკიცებით, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. მისი თქმით, რუსული მხარე ამ ნაბიჯებს „სუფთა გულითა და ღია სულით“ დგამს.

საგარეო უწყების სპიკერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკური კურსი. ზახაროვას თქმით, თბილისმა „მტკიცე და გაცნობიერებული არჩევანი“ გააკეთა, რაც მისი შეფასებით, ქვეყნის სუვერენიტეტის დაბრუნებასა და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას ემსახურება.

„გაგებით ვეკიდებით თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარედან დიქტატის პრაქტიკა და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა თანასწორობის საფუძველზე წარმართოს“, — განაცხადა ზახაროვამ. მანვე დასძინა, რომ ეს მიდგომა ხელს უწყობს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღირსების დაცვას.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ღია არიან თბილისთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, იმ პირობით, თუ ურთიერთობა პატივისცემის საფუძველზე წარიმართება. აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო უწყების მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული რიტორიკის ნაწილია, რომელიც ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებაზეა ორიენტირებული.