უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შესაძლო ფორმატებზე იმსჯელა. ზელენსკის თქმით, მიზანია ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც ვლადიმირ პუტინისთვის უარის თქმა გაცილებით რთული იქნება.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური კიევი მზადაა რუსეთის ხელმძღვანელობასთან ნებისმიერ ადგილას შეხვდეს, თუ ეს შეხვედრა ომის დასრულებისკენ მიმართულ რეალურ გადაწყვეტილებებს მოიტანს. თუმცა, მისივე განცხადებით, კრემლი დიალოგისკენ მიმართულ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა G7-ის სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შესაძლო მოლაპარაკებებზე, სადაც დემოკრატიული სახელმწიფოების ჩართულობით რუსეთთან დიალოგი იყო განზრახული. „პუტინს ამის სურვილი არ აქვს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

საუბარი, რომელიც კვირას დონალდ ტრამპთან შედგა, სწორედ ამ ჩიხიდან გამოსვლის მცდელობას ისახავს მიზნად. ზელენსკის გათვლით, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობა ან მასპინძლობა რუსეთისთვის დიპლომატიურ სივრცეს შეცვლის.

„ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს ეს. თუ რუსეთი ამ შესაძლებლობაზეც უარს იტყვის, საჭირო გახდება დამატებითი ზეწოლა“, — განაცხადა ზელენსკიმ.

ამ დროისთვის კიევი ელოდება რეაქციას შეთავაზებულ ფორმატზე. უკრაინის ლიდერის პოზიცია უცვლელია: ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ემსახურებოდეს ომის დასრულებას და არა დროის გაყვანას.