შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებიც GLP-1 კლასის მედიკამენტებს, მათ შორის Ozempic-ს იღებენ, ხშირად წყვეტენ მკურნალობას, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს პროცესი ხშირად დროებითია. ჩიკაგოში გამართულ ენდოკრინოლოგთა ყოველწლიურ კონფერენციაზე წარდგენილი კვლევა ამ საკითხს დეტალურად განიხილავს.

ბოსტონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მკვლევარებმა 2019-2025 წლების მონაცემები შეისწავლეს. ანალიზი ეყრდნობა 60 000-ზე მეტი ამერიკელი პაციენტის სადაზღვევო ჩანაწერს. კვლევის ფარგლებში განისაზღვრა, რომ მკურნალობის შეწყვეტად ითვლება 60-დღიანი პაუზა მედიკამენტის ხელახალ შეძენას შორის.

მკურნალობის შეწყვეტისა და განახლების დინამიკა

კვლევის თანახმად, პაციენტთა დაახლოებით 40% მკურნალობას პირველივე წელს წყვეტს, ხოლო ორი წლის თავზე ეს მაჩვენებელი 60%-ს აღწევს. მიუხედავად ამისა, მკვლევარები ხაზს უსვამენ პოზიტიურ ტენდენციას: შეწყვეტიდან ერთ წელიწადში თერაპიას პაციენტთა 41.5% უბრუნდება, ხოლო ორი წლის განმავლობაში – 58%.

„ეს მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ პაციენტები მედიკამენტებს საბოლოოდ არ უარსებიან. პროცესი უფრო „დაწყება-შეწყვეტის“ პრინციპით მიმდინარეობს, ვიდრე ეს აქამდე იყო მიჩნეული“, – აცხადებენ ავტორები.

ვინ წყვეტს მკურნალობას ყველაზე ხშირად?

კვლევის მიხედვით, თერაპიის შეწყვეტის ალბათობა მაღალია იმ პაციენტებში, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო დაზღვევით (Medicaid/Medicare), ასევე შავკანიან პაციენტებსა და მათში, ვისაც პრეპარატმა კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენები (მაგალითად, გულისრევა) გამოიწვია.


მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ პაციენტმა მკურნალობა ენდოკრინოლოგის რეკომენდაციით დაიწყო, თერაპიის შეწყვეტის რისკი 10%-ით მცირდება. გარდა ამისა, ახალი თაობის პრეპარატები, როგორიცაა tirzepatide, უზრუნველყოფს პაციენტის მიერ მკურნალობის რეჟიმის უფრო ხანგრძლივად დაცვას.


რატომ არის მნიშვნელოვანი მედიკამენტის რეგულარული მიღება?

ექსპერტები აფრთხილებენ პაციენტებს, რომ მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა ამცირებს მედიკამენტის დამცავ ეფექტს. GLP-1 პრეპარატების სისტემური მიღება გადამწყვეტია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და თირკმლის გართულებების პრევენციისთვის. კვლევის ავტორების თქმით, ეს დასკვნები დაეხმარება ექიმებს, პაციენტებს უფრო მეტი მხარდაჭერა გაუწიონ, რათა მათ თერაპიული კურსი ბოლომდე მიიყვანონ.