ღამის ცვლაში მუშაობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ Occupational & Environmental Medicine-ში გამოქვეყნდა, გვთავაზობს მეთოდს, რომელიც შესაძლოა დაეხმაროს ორგანიზმს ღამის მუშაობით გამოწვეული ბიოლოგიური დაზიანებების შემცირებაში.
როგორ მოქმედებს ღამის ცვლა ორგანიზმზე
მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ძილის ციკლს. ის გამომუშავდება სიბნელეში და ორგანიზმს დასვენების სიგნალს აძლევს. ღამის ცვლაში მომუშავე პირებისთვის ეს ბუნებრივი რიტმი ირღვევა, რაც იწვევს მელატონინის დეფიციტს.
მკვლევართა აზრით, მელატონინის ნაკლებობა ასუსტებს ორგანიზმის უნარს, აღადგინოს დნმ-ის ოქსიდაციური დაზიანება. დნმ-ის დაზიანება უჯრედული ცვეთის პროცესია, რომელიც მეტაბოლიზმის ნაწილია. სწორედ დნმ-ის აღდგენის პროცესის შეფერხება უკავშირდება გრძელვადიან პერსპექტივაში კიბოს რისკის ზრდას.
კვლევის დეტალები
მეცნიერებმა 40 ღამის ცვლაში მომუშავე პირი შეარჩიეს. მონაწილეთა ნახევარი 4 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 3 მგ მელატონინს იღებდა, მეორე ნახევარი კი — პლაცებოს. მონაწილეები ღამის სმენაში მინიმუმ 7 საათს ატარებდნენ და კვირაში ორჯერ მაინც მუშაობდნენ ღამით.
მელატონინის ჯგუფში, დღისით ძილის პერიოდში, დნმ-ის აღდგენის მარკერი 80%-ით მაღალი იყო, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
ეს მონაცემები მიანიშნებს, რომ მელატონინი ხელს უწყობს დნმ-ის აღდგენის პროცესს იმ დროს, როდესაც ორგანიზმი ცდილობს დაისვენოს.
შედეგები და შეზღუდვები
საინტერესოა, რომ ეს ეფექტი არ დაფიქსირებულა უშუალოდ ღამის ცვლის პერიოდში. მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს იყო მცირე მასშტაბის კვლევა და შედეგები არ ნიშნავს, რომ მელატონინი კიბოს პრევენციის გარანტიაა. საჭიროა უფრო ფართომასშტაბიანი კვლევები, სხვადასხვა დოზებითა და ხანგრძლივი დაკვირვებით.
ასევე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ კვლევის მონაწილეების უმეტესობა ჯანდაცვის სფეროში იყო დასაქმებული, ამიტომ შედეგები შესაძლოა სრულად არ ვრცელდებოდეს ყველა პროფესიის ადამიანზე.
დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ შედეგები იმედისმომცემია, მეცნიერები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მელატონინი არ არის ჯადოსნური საშუალება, თუმცა ის შეიძლება გახდეს სტრატეგიის ნაწილი ღამის მუშაობის მავნე ზეგავლენის შესამცირებლად. სამომავლო კვლევები გვიჩვენებს, რამდენად ეფექტურია ეს დანამატი გრძელვადიან პერსპექტივაში.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.