ინგლისის ლეიკ-დისტრიქტის რეგიონში, ჰელველინის მთაზე მდებარე სვერლსის ბილიკი 1980-იანი წლების შემდეგ პირველად გადის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას. პოპულარული მარშრუტი, რომელიც მოლაშქრეებს თირლმირის ხედებით იზიდავს, ამჟამად მძიმე ეროზიის საფრთხის წინაშეა.
კონსერვაციული ჯგუფი „Fix the Fells“-ი, რომელიც პროექტს ახორციელებს, აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ბილიკის მიმდებარე ტერიტორიებზე მცენარეული საფარი სერიოზულად არის დაზიანებული. მოლაშქრეები, მოლიპული და არასასიამოვნო ზედაპირის გამო, ხშირად ბილიკიდან გადადიან, რაც ნიადაგის ჩამორეცხვას იწვევს.
სამწლიანი პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, რეინჯერები ძველ საფარს შლიან და მას უფრო გამძლე, ქვის კონსტრუქციებით ცვლიან. სამუშაოებისთვის საჭირო მასალის მიწოდება მიმდინარე წლის დასაწყისში ვერტმფრენების მეშვეობით მოხდა — ადგილზე 100 ტონაზე მეტი ქვაა ჩატანილი.
პროექტის ხელმძღვანელი იზაბელ ბერი განმარტავს, რომ არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ბილიკს, არამედ მიმდებარე წყალსადინარებსაც, სადაც ნიადაგი ჩაედინება. „ჩვენი მიზანია, აღვადგინოთ მცენარეულობა და გავზარდოთ ბილიკის გამძლეობა ინტენსიური ნალექების მიმართ“, — აცხადებს ბერი.
ბალანსი დაცვასა და წვდომას შორის
სარემონტო სამუშაოების პირველი წელი 220 000 ფუნტი სტერლინგი ჯდება, რასაც საზოგადოებრივი შემოწირულობებით აგროვებენ. ცხრა რეინჯერისგან შემდგარი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ მოლაშქრეებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გზა შეიქმნას.
რეინჯერი პიტ ენტვისლი აღნიშნავს, რომ მათი მთავარი გამოწვევაა „ბედნიერი ბალანსის“ პოვნა გარემოს დაცვასა და ტურისტების საჭიროებებს შორის. ლანდშაფტის დიზაინის ცვლილებებით, სპეციალისტები შეეცდებიან, მოლაშქრეებს ბილიკზე დარჩენისკენ უბიძგონ.
პროექტი „Fix the Fells“ უკვე 25 წელია არსებობს და რამდენიმე წამყვანი ორგანიზაციის პარტნიორობას წარმოადგენს, მათ შორის არიან „National Trust“ და „Lake District National Park“. მათი საქმიანობა მიმართულია მდგრადი საფეხმავლო მარშრუტების შექმნისა და ველური ბუნების შენარჩუნებისკენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.