გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ უინსტონ-სალემში იმყოფება, მოულოდნელი და სახიფათო ინციდენტის მომსწრე გახდა. „ბუნდესმანშაფტის“ კაპიტანმა, იოზუა კიმიხმა მედიასთან საუბრისას დაადასტურა, რომ გუნდის საწვრთნელ ბაზაზე შხამიანი გველი შენიშნეს.
კიმიხის თქმით, ნაკრების წევრები მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენენ, რათა მსგავსი ინციდენტები თავიდან აიცილონ. „გუშინ გველი დავინახეთ, რომელზეც გვითხრეს, რომ შხამიანი იყო. გველმა რომ გიკბინოს, საავადმყოფოში წასვლა გარდაუვალია. არ მგონია, ყველაფერი ფატალურად დასრულდეს, მაგრამ ეს ნამდვილად სახიფათოა“, — განაცხადა კიმიხმა.
გერმანელი ნახევარმცველი აღიარებს, რომ გერმანიაში მსგავსი ცხოველები არ ბინადრობენ და ადგილობრივი გარემო მათთვის უჩვეულოა. „ვფიქრობ, ასეთ გველს ფეხი რომ დააბიჯო, შედეგი ძალიან ცუდი იქნება. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, ცხოველებისგან დისტანცია დავიჭიროთ. აქაურ ხალხს უდიდეს პატივს ვცემ, თუმცა ჩვენთვის ეს ახალი გამოცდილებაა“, — დასძინა კაპიტანმა.
რა საფრთხეს წარმოადგენს „აღმოსავლური სპილენძთავა“?
BILD-ის ინფორმაციით, გველი, რომელზეც კიმიხი საუბრობდა, „აღმოსავლური სპილენძთავაა“. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახეობა შხამიანია, ის იშვიათად გამოირჩევა აგრესიულობით და ადამიანისთვის მისი ნაკბენი ფატალური შემთხვევებით იშვიათად მთავრდება.
სტატისტიკური მონაცემებით, აშშ-ში ეს გველები წელიწადში დაახლოებით 2 920 ადამიანს კბენენ, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.01 პროცენტს შეადგენს. ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ჩრდილოეთ კაროლინაში ფიქსირდება.
უსაფრთხოების ზომები
აღსანიშნავია, რომ სპილენძთავა გველები ხშირად მიმართავენ ე.წ. „გამაფრთხილებელ კბენას“, რა დროსაც ორგანიზმში შხამის მცირე რაოდენობას უშვებენ ან საერთოდ არ იყენებენ მას. სამედიცინო მონაცემების თანახმად, დაკბენილი პირების 92 პროცენტს კლინიკიდან 24-საათიანი დაკვირვების შემდეგ წერენ, რაც ადასტურებს, რომ სათანადო ზომების მიღების შემთხვევაში საფრთხე მინიმალურია.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.