UFC-ის ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა, საჯაროდ ისაუბრა იმ ფინანსურ პირობებზე, რომელიც ილია თოფურიამ ორგანიზაციას მასთან ბრძოლისთვის წაუყენა. საუბარია UFC Freedom 250-ის ტურნირზე, სადაც გულშემატკივრები მსოფლიოს ორი საუკეთესო მებრძოლის დაპირისპირებას ელოდნენ.

მახაჩევის თქმით, UFC-მ მას თავად შესთავაზა თოფურიასთან ბრძოლა, რაზეც მან დაუყოვნებლივ დადებითი პასუხი გასცა. თუმცა, მოლაპარაკებები მეორე დილით შეწყდა.

„დილით დამირეკეს და ბრძოლა შემომთავაზეს, თანაც გაზრდილი ჰონორარით. მე დავთანხმდი. მეორე დილით კი მითხრეს, რომ თოფურიამ 20 მილიონი დოლარი მოითხოვა. ორგანიზაციამ უარი უთხრა და ამით ყველაფერი დასრულდა,“ — განაცხადა მახაჩევმა რუს ჟურნალისტ ადამ ზუბაირაევთან საუბრისას.

მნიშვნელოვანია, რომ ამ თანხის სანაცვლოდ თოფურიას გუნდი მზად იყო ჯასტინ გეიჯისთან ეჩხუბა. მახაჩევის განმარტებით, თოფურიას მენეჯმენტი ირწმუნებოდა, რომ „ისლამთან ბრძოლისთვის თანხა არასაკმარისი იყო“, თუმცა იგივე პირობები მისაღები აღმოჩნდა გეიჯისთვის.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ილია თოფურია UFC Freedom 250-ზე სწორედ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება მსუბუქი წონის ტიტულის გაერთიანებისთვის. რაც შეეხება მახაჩევის სამომავლო გეგმებს, მოსალოდნელია, რომ ის თავის მომდევნო ბრძოლას ფილადელფიაში, UFC 330-ზე, იან მაჩადო გარის წინააღმდეგ გამართავს.

სპორტული ანალიტიკოსების აზრით, თუ ორივე მებრძოლმა თავისი მომავალი ორთაბრძოლა წარმატებით დაასრულა, წლის ბოლოს მათი დაპირისპირების შანსი კვლავ გაჩნდება. თუმცა, ყველაფერი UFC-ის გადაწყვეტილებაზე და ფინანსურ შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული.