იაპონიის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო ფეხბურთის გრანდებისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. რონალდ კუმანის გაწვრთნილმა ნიდერლანდების ნაკრებმა ვერ შეძლო აზიელი მეტოქის დამარცხება და მატჩი 2:2 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმი ნამდვილ გოლების ფესტივალად იქცა. ანგარიში 51-ე წუთზე გაიხსნა: რაიან გრავენბერხის ჩაწოდებას ვირჯილ ვან დაიკმა თავური დარტყმით უპასუხა და „ნარინჯისფერები“ დააწინაურა.

იაპონელებმა წონასწორობა სულ რაღაც ექვს წუთში აღადგინეს. ტაკეფუსა კუბოს გადაცემა კეიტო ნაკამურამ გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ნიდერლანდელებმა შეტევები არ შეწყვიტეს და კრის სამერვილის ეფექტური დარტყმით კვლავ წინ გავიდნენ. ამ ეპიზოდში ასისტენტი კვლავ გრავენბერხი იყო.

როდესაც ჩანდა, რომ ნიდერლანდები გამარჯვებას მიაღწევდა, იაპონიამ ბოლომდე იბრძოლა. კოკი ოგავას თავური დარტყმა გზად დაიჩი კამადას მოხვდა. რიკოშეტირებულმა ბურთმა ნიდერლანდების მეკარე ბარტ ვერბრუგენი შეცდომაში შეიყვანა და ანგარიში საბოლოოდ გათანაბრდა.

ამ ჯგუფის მომდევნო შეხვედრაში შვედეთი ტუნისს დაუპირისპირდება. ნიდერლანდები შემდეგ მატჩს 20 ივნისს შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, იაპონია კი 21 ივნისს ტუნისელებს შეხვდება.