სან ანტონიო სპურსი NBA-ის ისტორიაში ახალ ფურცელს წერს. 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ტეხასური კლუბი კვლავ ლიგის მთავარ სერიაშია. დასავლეთ კონფერენციის ფინალის გადამწყვეტ, მეშვიდე შეხვედრაში „სპურსმა“ მოქმედი ჩემპიონი, ოკლაჰომა სიტი თანდერი, სტუმრად 111:103 დაამარცხა.

მატჩი მაღალი ტემპით დაიწყო. „სპურსმა“ პირველი ნახევარი 56:53 მოიგო, მესამე მეოთხედში კი გუნდებმა თანაბარი შედეგი, 24:24 აჩვენეს. მატჩის ბედი ბოლო 12 წუთში გადაწყდა, სადაც სტუმრებმა თამაშის კონტროლი სრულად აიღეს ხელში და პერიოდი 31:26 მოიგეს.

ვემბანიამას ფენომენი

გუნდის წარმატების მთავარი შემოქმედი ვიქტორ ვემბანიამა იყო. ახალგაზრდა ფრანგმა კალათბურთელმა გადამწყვეტ შეხვედრაში 22 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მისი სტაბილურობა სერიის განმავლობაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა — ვემბანიამა დასავლეთ კონფერენციის ფინალის MVP-დ დასახელდა.

„თანდერის“ მხრიდან შთამბეჭდავი იყო შაი გილჯეს-ალექსანდერის თამაში. მან 35 ქულა, 4 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა, თუმცა მისი ინდივიდუალური ძალისხმევა გუნდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ფინალური დაპირისპირება

სუპერფინალში „სან ანტონიო“ ნიუ იორკ ნიქსს დაუპირისპირდება. რეგულარულ სეზონში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო, „სპურსს“ მოედნის უპირატესობა ექნება. სერიის პირველი ორი მატჩი ტეხასელთა საშინაო არენაზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „სან ანტონიო“ NBA-ის ჩემპიონობისთვის ბოლოს 2014 წელს იბრძოდა. მაშინ გუნდის ლიდერები ლეგენდარული ტიმ დანკანი, ტონი პარკერი და მანუ ჯინობილი იყვნენ. დღეს, ახალი თაობის ლიდერად მოვლენილი ვემბანიამა კლუბისთვის მორიგი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებას ცდილობს.