თანამედროვე სასკოლო გარემოში, სადაც ეკრანთან გატარებული დროის შემცირება მთავარ გამოწვევად იქცა, ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვები თავისუფალ დროს წიგნების კითხვას სულ უფრო იშვიათად უთმობენ. აშშ-ის განათლების დეპარტამენტის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 13 წლის მოზარდებში მათ, ვინც სიამოვნებისთვის კითხულობს, რაოდენობა 2012 წელთან შედარებით თითქმის განახევრდა.
კვლევა 9 და 13 წლის მოზარდების ჩვევებს იკვლევს. 9 წლის ბავშვების შემთხვევაში, კითხვისადმი ინტერესის კლება 16 პროცენტული პუნქტით დაფიქსირდა. ექსპერტების თქმით, ეს არ არის მხოლოდ პანდემიის შედეგი, რადგან კლების ტენდენცია მკაფიოდ ჯერ კიდევ 2012 წლიდან იწყება.
კავშირი აკადემიურ შედეგებთან
ანგარიშის მიხედვით, არსებობს პირდაპირი კავშირი თავისუფალ დროს კითხვასა და სტანდარტიზებულ ტესტებში მიღებულ ქულებს შორის. მოზარდები, რომლებიც ყოველდღიურად კითხულობენ, მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებიც ამ აქტივობას ნაკლებ დროს უთმობენ.
ეროვნული ცენტრის კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა, მეთიუ სოლდნერმა აღნიშნა, რომ სიტუაცია საგანგაშოა. „ჩვენ არ ვხედავთ იმ პროგრესს კითხვის მიმართულებით, რაც სასურველი იქნებოდა“, — განაცხადა მან. ამავდროულად, ტესტების შედეგები აჩვენებს მათემატიკისა და კითხვის უნარების საერთო კლებას 2012 წლიდან მოყოლებული.
ეკრანები წიგნების წინააღმდეგ
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რასაც მკვლევრები ასახელებენ, ეკრანთან გატარებული დროის ზრდაა. 2024 წლის კვლევის თანახმად, 12-დან 17 წლამდე მოზარდების ნახევარზე მეტი დღეში 4 საათზე მეტს ეკრანებთან ატარებს. სასწავლო პროცესში პლანშეტებისა და ლეპტოპების აქტიურმა ჩართვამ, მშობლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რაც აისახა კიდეც სახელმწიფო დონეზე ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებში, რომლებიც სკოლებში ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი ასაკის ბავშვები კვლავ უფრო მეტს კითხულობენ, ვიდრე თინეიჯერები, ეს მაჩვენებელიც კლებადია. მაგალითად, 2025 წელს 9 წლის ბავშვების 37%-მა განაცხადა, რომ კითხულობს თითქმის ყოველდღე, მაშინ როცა 1984 წელს ეს მაჩვენებელი 53%-ს შეადგენდა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.