ფეისბუქი წლებია, რაც „ქლიქბეით“ სტატიებით არის სავსე, თუმცა ახლა Meta თავად ქმნის მსგავს კონტენტს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. Meta AI-ს აპლიკაციაში დაემატა „For You“ სექცია, რომელიც მომხმარებლის ინტერესებზე მორგებულ საეჭვო შინაარსის მასალებს აგენერირებდა.
აპლიკაცია, რომელიც თავდაპირველად 2025 წლის აპრილში გაეშვა, თავდაპირველად საჯარო „Discover“ არხზე იყო ორიენტირებული. ახლა კი ის სტანდარტულ ჩატბოტად გარდაიქმნა, რომელსაც დაემატა სარეკომენდაციო არხი. როგორც The Verge-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, სისტემა მომხმარებლის ინტერესების მიხედვით აგენერირებდა სტატიებს, რომლებიც ხშირად არც ლოგიკას ექვემდებარებოდა და არც წყაროებს ეფუძნებოდა.
მაგალითად, ლონდონელ ჟურნალისტს სისტემა სთავაზობდა სტატიებს ბრიტანული ჩაის სმის კულტურაზე, სამეფო ოჯახზე ან რიგში დგომის ფსიქოლოგიაზე. სხვა შემთხვევაში, ალგორითმი მომხმარებელს „ძვირადღირებული საათების“ თემატიკაზე უქმნიდა მასალებს, სადაც ფაქტები სრულად იყო გამოგონილი.
ტექსტები გამოირჩეოდა ზედაპირულობით. ხშირად სტატიები წყაროების მითითების გარეშე, ან გამოგონილ ექსპერტებზე დაყრდნობით იწერებოდა. უფრო მეტიც, ჩატბოტის ისტორიაში დაფიქსირდა შიდა ინსტრუქციები, რომლებიც AI-ს ავალებდა მომხმარებლისთვის კონტენტის „პროაქტიულად“ მიწოდებას.
პრობლემური აღმოჩნდა ვიზუალური ნაწილიც. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები ხშირად შეიცავდა შეცდომებს, მათ შორის ანატომიურ დეფორმაციებს. ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც სამეფო ოჯახის ფინანსებს ეხებოდა, გამოსახული იყო დედოფალ ელისაბედ II-ის ორი კლონი, მიუხედავად იმისა, რომ მონარქი გარდაცვლილია. მიუხედავად Meta-ს განცხადებებისა, რომ კომპანია ზრუნავს AI-კონტენტის მარკირებაზე, აღნიშნულ სტატიებს არ ჰქონდათ რაიმე სახის მინიშნება, რომ ისინი ხელოვნურად იყო შექმნილი.
ჟურნალისტური კითხვების დასმის შემდეგ, Meta-ს წარმომადგენელმა ტრეისი კლეიტონმა განაცხადა, რომ ეს იყო შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებზე გათვლილი ტესტირება, რომელსაც კომპანია აღარ გააგრძელებს. თუმცა, გაუგებარი დარჩა, თუ რამდენად „შეზღუდული“ იყო ეს ტესტი, რადგან მასზე წვდომა არაერთმა ადამიანმა მიიღო.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.